Article 3. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელებას შემსყიდველი ორგანიზაცია აწარმოებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების წესი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ შესაბამისი ბიუჯეტის (სახელმწიფო, ადგილობრივი) პროექტის შედგენისა და განხილვის წესს.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების დამტკიცების შემდეგ არა უგვიანეს 20 დღის ვადისა სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმა მტკიცდება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
