„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 10. ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი
1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად.
2. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისობას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.
4. ლიცენზიის გამცემი საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობას აქვეყნებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის ვადაში.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 1 თვის ვადაში.
6. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე.
7. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 7 დღის ვადაში და ამის შესახებ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
9. ლიცენზიის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღეში.
