ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებებია: ა) ნიადაგების გამოკვლევა და მათი ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა, ნიადაგების გაუმჯობესებისათვის პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავება-განხორციელება; ბ) ნიადაგების მდგომარეობის გაუარესების მიზეზების გენეზისური, მსხვილმასშტაბიანი, წვრილმასშტაბიანი, სამელიორაციო, აგროქიმიური, ნიადაგურ-ეროზიული კვლევა, ბონიტირება და მიწის კადასტრის პერიოდულად შედგენა; გ) ეროზიისგან ნიადაგების დაცვის ეფექტიანი მეთოდების შერჩევა და გამოყენება; ეროზიის გავრცელების ადგილებში გატყევების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების აღდგენის, გაშენებისა და სხვა აგროტექნიკური და საინჟინრო მეთოდების გამოყენება; დ) ნიადაგების დაცვა სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი და სხვა) და ექსტრემალური ეროზიული პროცესებისაგან; ე) სათიბ-საძოვრების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების, მცენარეული საფარის გაუმჯობესებისა და კულტურ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება; ვ) მლაშობი, ბიცობი და მჟავე ნიადაგების ქიმიური მელიორაცია; ზ) ძლიერდაქვიანებული ნიადაგების ქვებისგან გაწმენდა და მათ გასაუმჯობესებლად სხვა ღონისძიებათა განხორციელება; თ) რწყვის რეჟიმის, წესებისა და ტექნიკურ საშუალებათა შერჩევა, გრუნტის წყლების ოპტიმალური დგომის განსაზღვრა, განმეორებითი დაჭაობებისა და დამლაშების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; ი) ნიადაგის ცალკეული ტიპების ეტალონური ნიმუშების შენარჩუნება და მათი გამოყენებით მონიტორინგის ორგანიზება, აგრეთვე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია; კ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განლაგების რაციონალური სტრუქტურის შერჩევა; ლ) ჭარბტენიანი ნიადაგების ათვისების დაშრობითი, აგრომელიორაციული, ჰიდროტექნიკური და აგროქიმიური ღონისძიებების კომპლექსური განხორციელება; მ) მაღალმთიან, მთაგორიან და მთისწინა რეგიონებში ნიადაგების ბუნებრივი საფარის შენარჩუნება-აღდგენა და ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად ამ რეგიონებში არსებულ საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დაცვა; ნ) მდინარეთა ნაპირების და ზღვის სანაპირო ზონის აბრაზიისაგან, ხოლო მიმდებარე ტერიტორიების ეროზიული და სხვა უარყოფითი პროცესებისაგან დაცვა; ო) გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური მეთოდების გამოყენება; პ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების დადგენილი ნორმების დაცვა. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №972 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ



