1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველი ორი ტესტირების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 1 მარტისა მოიწვევს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელ კრებას. დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც: ა) წერილობით გამოთქვამს სურვილს, გაწევრიანდეს ადვოკატთა ასოციაციაში, და შესაბამისად წარადგენს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არა უგვიანეს 2005 წლის 31 იანვრისა; ბ) აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.
2.იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგენს და 2005 წლის 15 თებერვლამდე აქვეყნებს დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიას. განმცხადებელი, რომელიც არ იქნება შეყვანილი დამფუძნებელ კრებაში მონაწილეთა სიაში, უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
3.დამფუძნებელი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება იმ პირთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დამფუძნებელ კრებაში და რომლებმაც ადვოკატის ფიცი დადეს კანონით განსაზღვრული წესით. დამფუძნებელ კრებაზე გადაწყვეტილებები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. დამსწრე წევრთა რაოდენობა დაითვლება ყოველი კენჭისყრის წინ.
4.დამფუძნებელ კრებას ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დამფუძნებელ კრებას თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება დამსწრე უხუცესი წევრი.
5.უხუცესი წევრი კითხულობს ადვოკატის ფიცს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ დამსწრე წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს. პირი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, წერს განცხადებას.
6.დამფუძნებელი კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია თავისი შემადგენლობიდან. ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს დამფუძნებელ კრებაზე ასარჩევი ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების წევრობის კანდიდატთა დასახელებული კანდიდატურების ბიულეტენებში შეტანას და საერთო კრების წევრთათვის ბიულეტენების დარიგებას.
