Article 158. პარტიული სიების წარდგენა
1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტია პარტიულ სიებს ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა.
2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან.
3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. „4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრთაგან ან/და იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები. პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 21 წელი.“.
5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით.
