Article 202 — 2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის დროებითი წესი | საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Article 202. 2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის დროებითი წესი
Consolidation №101 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას; ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.
2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …
For information only — not legal advice.
3. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.
4. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის: ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი მითითებულია პარტიის წესდებაში. დამატებით შეიძლება მიეთითოს პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი. რეგისტრაციის სახელი უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე; ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და ხელმოწერის ნიმუში; გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები; დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს თავმჯდომარეს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
6. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადება და საბუთები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მათი წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 37-ე დღისა.
9. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
10. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.
11. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის: ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, ასევე ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი; ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები; დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება); გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
13. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება: ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში; ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი; გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება; დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები; ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება; ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი; ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი; თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.
14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.
15. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.
16. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და ცესკოში განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-11–მე-14 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.
17. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.
18. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.
19. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.
20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.
21. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.