Article 60^1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ამ მუხლით დადგენილი წილისყრის პროცედურის დაცვით.
2. წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით. ამასთანავე, მათი გამოუცხადებლობა არ არის წილისყრის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება. წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობის წილისყრის ფურცლებს და თითო ფურცელზე წერს კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს. იგი აღნიშნულ ფურცლებს თავისი ხელმოწერით ამოწმებს და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ფურცლები მაგიდაზე იყრება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ ფურცლებს წილისყრით გასანაწილებელი ფუნქციების შესაბამისი თანამიმდევრობით სათითაოდ იღებს და ავლენს სათანადო ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან: ა) წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში); ბ) სხვა ფუნქციების შემსრულებელ კომისიის წევრთა გამოსავლენად ატარებს მორიგ წილისყრას, რომლითაც: ბ.ა) შეირჩევა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც ამომრჩეველთა მარკირებასაც ამოწმებს; ბ.ბ) შეირჩევიან ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (შეირჩევა სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც გასცემენ საარჩევნო ბიულეტენსაც ბიულეტენის წინა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერისა და სპეციალური ბეჭდით დამოწმების შემდეგ; ბ.გ) შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.
