1.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა. 2 1 . სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს დაჩქარებული წესით 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს უნდა ერთოდეს ამ ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის ოდენობაა 300 ლარი. სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.
4.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს.
5.ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება. უნდა მოხდეს მათი ხელახლა შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
