1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის მობილიზაციის დროს წესდება სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება.
2.სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შექმნილ, სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, სარკინიგზო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო, მილსადენ, საჭაპანო და სასაპალნე სატრანსპორტო საშუალებებზე, მოტოციკლებზე, სარეწ და სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და ნახევარმისაბმელებზე, საგზაო-სამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების პირობით). სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე, ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე, ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე.
3.საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ამოღება ხდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.
4.საკუთრების ჩამორთმევის წესი განისაზღვრება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
