1.სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ამ კანონის მე-7 მუხლის „ ა“– „ დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების გარდა მოვალენი არიან: ა) ორგანიზაცია გაუწიონ და განახორციელონ სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ბ) მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს დანიშნონ ცალკეული მუშაკები სამობილიზაციო ამოცანების შესასრულებლად; გ) დაამუშაონ მობილიზაციის გეგმები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში; დ) მობილიზაციის დროისათვის განახორციელონ ღონისძიებანი წარმოების მოსამზადებლად სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულებისათვის; ე) შეასრულონ სამობილიზაციო დავალებები (შეკვეთები), რომლებიც მიღებული აქვთ მათ მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით; ვ) მობილიზაციის გამოცხადებისას განახორციელონ ღონისძიებები საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს წარმოების მუშაობის შესაბამის რეჟიმზე გადასაყვანად; ზ ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში მიწოდება ; თ) გადასცენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები, მიწის ნაკვეთები, სატრანსპორტო და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობები შესაბამის დაწესებულებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) (ამოღებულია - 07.03.2018, №2040).
2.კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ სამობილიზაციო დავალებებს (შეკვეთებს), ზიანის მიყენების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისი შემდგომი ანაზღაურების პირობით. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ.
