1.მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებში მოცემული უფლებამოსილებების შესრულების გარდა: ა) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას; გ) ამუშავებს ადგილობრივ სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებს ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) საწარმოებთან დებს ხელშეკრულებებს პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების შესრულების, ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე; ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენს წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე.
2.მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში მოქალაქეთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და მათი შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა ხდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა.
4.საომარი მდგომარეობის დროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1389 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3503 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. თავი III. სახელმწიფო საწარმოების , დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა მოვალეობანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს საქართველოს 2003 წლის 27 თებერვლის კანონი №1977 - სსმ I, №7, 26.03.2003 წ., მუხ.39
