საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 27. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში; ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს; გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში; დ) თანამდებობის პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; ე) სხდომა – საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა; ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები; თ) ( ამოღებულია – 25.05.2012, №6327) ; ი) აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან; კ) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას; ლ) პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4355 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №159 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2223 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. მუხლი 27 1 . პერსონალური მონაცემები პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
