სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ
For information only — not legal advice.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა : ა) განცხადება – ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ბ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; გ) გამოხატვის საგანი – თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა; დ) მოწოდება – განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას; ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება; ვ) უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან; თ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებ რივი მაუწყებლობისა; ი) საჯარო პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება; კ) კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო; ლ) სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას; მ) კომერციული საიდუმლოება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას; ნ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6328); ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ არის პროფესიული საიდუმლოება; პ) ნათელი და განჭვრეტადი კანონი – ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები; ჟ) ვიწროდ მიზანმიმართული კანონი – ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს; რ) ლეგიტიმური მიზანი – საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სიკეთეები; ს) არადისკრიმინაციულობა – გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის ვალდებულება; ტ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელი შეზღუდვა – ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვა, რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება გახორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა; უ) შეზღუდვის პროპორციულობა – ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება; ფ) აბსოლუტური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება; ქ) კვალიფიციური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; ღ) მედია – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4379 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №154 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2220 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Closest in meaning — including in other laws