საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
For information only — not legal advice.
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური აშლილობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ე) ოჯახის წევრის მიმართ; ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ზ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; თ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; ი) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; კ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ლ) ჯგუფურად; მ) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ნ) განსაკუთრებული სისასტიკით; ო) ანგარებით ან შეკვეთით; პ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ჟ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); რ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3705 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5027 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №431 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №841 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი