Article 6. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის
1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი; ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში – 100%-ით; ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში: ბ.ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას – 100%-ით; ბ.ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას − 60%-ით; ბ.გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას − 30%-ით.
