1.სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2.იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) ჩადენილი ჯგუფურად; დ) ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ე) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ვ) ჩადენილი დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ; ზ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3.იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ბ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.იგივე ქმედება: ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ; ბ) ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.




