1.პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2.იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.იგივე ქმედება: ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა; ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.




