საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^54. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
1. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისთვის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 48 საათში.
2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას. საქმის განხილვაში, პაციენტის გარდა, უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლები, პაციენტის ადვოკატი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – პაციენტის სხვა კანონიერი წარმომადგენელი. თუ პაციენტს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს. არასრულწლოვანი პაციენტის საქმის განხილვისას არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, რომელშიც პაციენტი იმყოფება.
