საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^18. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში.
2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრიდან). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
