For information only — not legal advice.
1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმის, ოდენობისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის თაობაზე.
3. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას.
4. სააგენტო მისთვის წარდგენილი განცხადების (ინფორმაციის) საფუძველზე ამოწმებს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა გასცემს სათანადო დასკვნას. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ დასკვნის გაუცემლობა თანხმობად მიიჩნევა.
5. სააგენტოს უფლება აქვს, სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს ან/და მიმღებ ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს და საქართველოს მთავრობას.
7. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა წარედგინა, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საკითხზე.
Closest in meaning — including in other laws
კონკურენციის შესახებ