Article 25^12. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
1. სააგენტომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებასთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის დაშვება (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის მახასიათებლებისა. ამ ზომების შესახებ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
2. ამ მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, რომლის მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და ღია დაშვება, კონკურენციის ხელშეწყობა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, სატრანსპორტო საშუალებისა და დაკავშირებული მოწყობილობების საოპერაციო უსაფრთხოების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ზომების უსაფრთხოების, გონივრულად ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებაზე უარის თქმის საჭიროება ტექნიკური მახასიათებლების ისეთი შეუსაბამობის შემთხვევაში, რომლის გადაფარვა შეუძლებელია; ბ) იმ სირთულეებისთვის თავის არიდების საჭიროება, რომელთა დაძლევა გონივრულად შეუძლებელია და რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ნავთობისა და გაზის არსებული ან დაგეგმილი წარმოების ეფექტიანობა, მათ შორის, ზღვრული ეკონომიკური უნარიანობის თვალსაზრისით; გ) ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისა და დამუშავებისთვის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან ოპერატორის სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული საჭიროება, შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი სატრანსპორტო საშუალებით ან სათანადო დამუშავებისთვის ან გატარებისთვის საჭირო მოწყობილობებით მოსარგებლე სხვა პირთა ინტერესები; დ) წარმოების ან სატრანსპორტო საშუალების განვითარების უფლების მოპოვებისათვის სათანადო კანონმდებლობის, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების, ადმინისტრაციული პროცედურების დაკმაყოფილების საჭიროება.
