1.ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ; გ) ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის მიღებასაც ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს; დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
2.განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) შესაბამისობის დეკლარაცია; დ) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია; ე) იურიდიული პირისთვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები;“. ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა; ზ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; თ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების შესახებ; ი) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს; კ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით.




