1.უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 1 1 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას.
4.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება: ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია; ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო; გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; დ) ამ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა აღნიშნული ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საკუთრების უფლების გაუქმებით ეს ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.






