1.„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგისტრირდება ერთად, პირველადი რეგისტრაციის სახით ანუ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების (აღიარების) თაობაზე საგადასახადო ორგანოს ცნობის გარეშე. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება ასევე აღნიშნული იპოთეკის უფლებაში ნებისმიერი ცვლილება ან იპოთეკის უფლების შეწყვეტა.
2.თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დაუმოწმებელი ასლი, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც იდენტური უნდა იყოს არქივში არსებული დოკუმენტის ასლისა , ხოლო თუ დაინტერესებული პირი ვერ წარადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას , მაშინ უძრავ ნივთზე უფლების დადგენა უნდა განხორციელდეს სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის შესაბამისად.
3.თუ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში, დაინტერესებული პირის მიერ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან/და უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია უფლების რეგისტრაცია მოახდინოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში არსებული უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ.
4.უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დადასტურებულია ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს შტამპით, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში არ მოიპოვება ან აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე სააღრიცხვო ბარათში არ არის შეტანილი ჩანაწერი, წარმოადგენს უფლების საჯარო რეეტრში რეგისტრაციის საფუძველს. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი დამატებით წარადგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ უფლებაზე მის მიერ ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან ცნობა-დახასიათება გატანილი არ ყოფილა.
5.სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტში უძრავ ნივთზე კონკრეტული სანივთო, ვალდებულებითი ან სხვა უფლების არსებობის დადგენა წარმოადგენს უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს, მიუხედავად იმისა, დაევალა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილებით (განჩინებით) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს უფლების რეგისტრაცია.
6.საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან/და ტექინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში არსებულ დოკუმენტაციაში პირის სახელის ან/და გვარის ფონეტიკურ-მორფოლოგიური შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – უზუსტობა ასოებში, კნინობითი ფორმა, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები (მაგ . : პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ.) ერთმანეთს შეესაბამება, დაინტერესებულ პირზე უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირდება მის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთში აღნიშნული სახელისა და გვარის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ მიეთითება სააღრიცხვო ბარათში.
7.თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ზევით არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრატორი უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
8.თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი ნაკლებია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე, რეგისტრატორი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებული ფართობის შესაბამისად.
9.თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მყარი საზღვრები და საკა-დასტრო აღწერის შედეგებით მისი ფართობი, კონფიგურაციის უცვლელად ან კონფიგურაციის უმნიშვნელო ცვლილებით , საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე , ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, რეგისტრატორი უფლების რეგისტრაციას ახდენს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებული ფართობის შესაბამისად.
10.თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გააჩნია მყარი საზღვრები და საკადასტრო აღწერის შედეგებით მისი ფართობი, კონფიგურაციის უცვლელად ან კონფიგურაციის უმნიშვნელო ცვლილებით , საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე , ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, რეგისტრატორი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
11.თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით რეგისტრირებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, ხოლო ნაწილი აღრიცხულია როგორც ფაქტობრივად დაკავებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ნაწილზე საკუთრების უფლება უნდა დარეგისტრირდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად დაკავებული ნაწილიც.
12.თუ ადგილობრივი მმართველობის ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება დაიკარგა ან დაზიანდა ისე, რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, დაინტერესებული პირის სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა ერთოდეს ახსნა-განმარტება ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული უფლებამოსილი პირის ცნობა-დახასიათების დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე.
13.სარეგისტრაციოდ წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტის დედანი, სანოტარო ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი.
14.რეგისტრაცია არ წარმოებს იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, ან/და გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და აღნიშნული შესწორებანი არ არის სათანადო წესით დამოწმებული.
15.ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების, სხვა სანივთო, ვალდებულებითი ან საგარანტიო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იყოს მისი მიღებიდან (გამოცემიდან) ან დამოწმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამატებით გადაიხდება მომსახურების საფასური აღნიშნული კანონით დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით. თუ თანასაკუთრების უფლება წარმოშობილია უფლების დამადასტურებელი ერთი და იმავე დოკუმენტის საფუძველზე და ეს დოკუმენტი ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ საკუთარი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინა დადგენილ ვადაში, მაშინ სხვა თანამესაკუთრე (თანამესაკუთრეები) მისი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისას დამატებით არ იხდის მომსახურების საფასურის სამმაგ ოდენობას. კარი მესამე თავი V. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილება






