კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Article 3. კანონში გამოყენებული ტერმინები
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავთენტიკურობა – ობიექტის, მისი სტრუქტურული ელემენტის, გარემოს, კონტექსტის, ფუნქციის ან/და თვისებების პირველქმნილობა, მათი შექმნის ან ჩამოყალიბების თანადროულობა; ბ) არქეოლოგიური ობიექტი – 100 ან მეტი წლის წინ ნაწილობრივ ან სრულად განამარხებული ან წყალქვეშ მოქცეული ნაშთი, კულტურული ფენა, რომელიც შექმნილია ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად ან რომელსაც ატყვია ადამიანის ზემოქმედების კვალი; გ) არქეოლოგიური სამუშაოები – სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც მიმართულია არქეოლოგიური ობიექტების გამოსავლენად და შესასწავლად; არქეოლოგიური ობიექტის მოკვლევის, გათხრის, რესტავრაცია-კონსერვაციისა და მეცნიერული შესწავლის სრული ციკლი; დ) არქეოლოგიური დაზვერვა – არქეოლოგიური ობიექტის არსებობის, მისი სტრატიგრაფიისა და ქრონოლოგიის ვიზუალურად ან სასინჯი თხრილებით განსაზღვრა; ე) არქეოლოგიური გათხრები – არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენისა და მეცნიერული შესწავლის მიზნით ჩატარებული მიწის ან წყალქვეშა სამუშაოები; ვ) დაფარვითი ინვენტარიზაცია – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების გამოვლენის, ამ ობიექტებისა და მათი გარემოს შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ზ) ისტორიული განაშენიანება – 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებული, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანება; თ) ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო – 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებული მხატვრულ-არქიტექტურული, სივრცითი, ლანდშაფტური ან სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტების ერთობლიობა; ი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (ძეგლი): ი.ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი; ი.ბ) კომპლექსური ძეგლი – ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი; კ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა (დამცავი ზონა) – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან; ლ) კულტურული მემკვიდრეობა: ლ.ა) მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან; ლ.ბ) არამატერიალური – ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათწესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად; მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა; ნ) კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება; ო) კულტურული ფენა – მიწის შრეები ან წყლით დაფარული ტერიტორია (ფსკერი), რომელსაც ატყვია ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის კვალი; პ) ურბანული ქსოვილი – ქალაქთმშენებლობითი სტრუქტურების, მათ შორის, ქუჩათა ქსელის, მოედნების, ბაღების, შენობა-ნაგებობების, ეზოების ან საინჟინრო კომუნიკაციების ერთობლიობა; ჟ) უძრავი ძეგლის გადაადგილებადი ფრაგმენტი – უძრავი ძეგლის წარსულში ან ამჟამად შემადგენელი არსებითი ნაწილი, რომელიც გამოცალკევებულია ძეგლისაგან და ამ კანონით აღიარებულია ცალკე უფლების ობიექტად, ან რომლის გამოცალკევებაც, უძრავი ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ძეგლის დაუზიანებლად; რ) უძრავი ძეგლის ტერიტორია – უძრავ ძეგლზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული ტერიტორია; ს) უძრავი ძეგლის გადაადგილება – უძრავი ძეგლის მდებარეობის ცვლილება მისი ძირითადი მახასიათებლების ცვლილების გარეშე, ძეგლის დაშლითა და თავდაპირველი სახით აღდგენით ან მისი სხვაგვარად გადატანით; ს 1 ) უძრავი ძეგლის ცვლილება – ძეგლის ცვლილება, როგორიცაა მოცულობის შეცვლა, რაც შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ აკნინებს ან არ ჩრდილავს ძეგლის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას, ან ხელს არ უშლის მის სათანადო ინტერპრეტაციასა და დაფასებას; ტ) ფონური განაშენიანება – განაშენიანების ორგანული ნაწილი, რომელიც აყალიბებს ძეგლების მხატვრულ-არქიტექტურულ კონტექსტს, ხელს უწყობს ძეგლების დომინანტური როლის შენარჩუნებას და წარმოჩენას; უ) რეკულტივაცია – არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესწავლილი ობიექტის (ტერიტორიის) კონსერვაციის ან/და გარემოს თავდაპირველი სახით აღდგენის მიზნით მიწის ფენით ხელახლა დაფარვა; ფ) ძეგლის გაწმენდა – ძეგლზე დროთა განმავლობაში, ბუნებრივი ან ხელოვნური ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ან დაგროვილი ორგანული ან არაორგანული საფარის, ფენების ან დანამატების მოშორება ძეგლში ცვლილებების შეტანის (უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე მიწის არსებული ზედაპირის მოხსნის) გარეშე; ქ) ძეგლის ადაპტაცია – ძეგლში მისი რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციის დასაშვები ცვლილების ინტერესით განპირობებული იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც არ იწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას და გამართლებულია მეთოდოლოგიურად; ღ) ძეგლის კონსერვაცია – ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, მისი განადგურების ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ძეგლზე ასევე შეიძლება ჩატარდეს პრევენციული კონსერვაცია, რომლის მიზანია მხოლოდ პირველადი, გადაუდებელი, დროებითი ზომების მიღება ძეგლის რეაბილიტაციამდე. პრევენციული კონსერვაციისას გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს გამოყენებული მასალებისა და საშუალებების ძეგლის დაუზიანებლად მოხსნის შესაძლებლობას; ყ) ძეგლის მოვლა-პატრონობა – ძეგლის (უძრავი ძეგლის – შემთხვევაში – ასევე მისი ტერიტორიის) დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვის, მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; შ) ძეგლის რესტავრაცია – შემორჩენილი ავთენტიკური მასალისა და ელემენტების ფარგლებში ძეგლის დაზიანებული ფრაგმენტების თავდაპირველი სახით აღდგენა მისი შექმნის თანადროული ან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; ჩ) ძეგლის რეკონსტრუქცია – დეტალურ სამეცნიერო კვლევებზე და ზუსტ ანაზომებზე დაყრდნობით, ახალი ან ძველი მასალით ან მათი კომბინაციის გამოყენებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ან დაშლილი ძეგლის ან მისი ფრაგმენტის პირვანდელი სახით ხელახლა აშენება; ც) ძეგლის თავდაპირველი სახით აღდგენა – რესტავრაციის ან რეკონსტრუქციის (მათ შორის, გვიანდელი დანამატების მოხსნის) გზით ძეგლისათვის მისი შექმნის მომენტისთვის არსებული სახის მიცემა; ძ) ძეგლის სტატუსი – ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს მასზე საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილი რეჟიმის გავრცელებას; წ) ძეგლის დაზიანება – ძეგლის ან მისი ნაწილის ან უძრავი ძეგლის ტერიტორიის იმგვარი ცვლილება, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ მდგომარეობას ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და ამცირებს მის კულტურულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან მატერიალურ ღირებულებას; წ 1 ) ძეგლის დისკრიმინაციული დაზიანება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის ან მისი ნაწილის ან უძრავი ძეგლის ტერიტორიის იმგვარი ცვლილება, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ მდგომარეობას ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და ამცირებს მის კულტურულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან მატერიალურ ღირებულებას; ჭ) ძეგლის განადგურება – ძეგლის მოსპობა ან ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა; ჭ 1 ) ძეგლის დისკრიმინაციული განადგურება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის მოსპობა ან ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა; ხ) ძეგლის დაზვერვა – ძეგლის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, შესაბამისი მეთოდოლოგიით, მასში ფიზიკური ჩარევით ან ვიზუალური შესწავლის საშუალებით განხორციელებული საქმიანობა. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1020 – ვებგვერდი, 25.11.2021წ. კარი II. კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, დაცვა და მართვა თავი II. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა
