1.დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას.
2.დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შენარჩუნებას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სეისმური და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ძეგლებზე და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები და ნორმები.
3.დამცავ ზონებში ძეგლების აქტიური ვიზუალური აღქმის სივრცეში დაუშვებელია დიდმასშტაბიანი სარეკლამო აბრების, ელექტრო და სატელეფონო ანძების, სატელევიზიო ანტენების და სხვა დიდმასშტაბიანი მიწისზედა საინჟინრო და ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსება.
4.დამცავ ზონებში აკრძალულია ისეთი საწარმოო, სატრანსპორტო, სასაწყობო მეურნეობისა და სხვა ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ხანძარსაშიშია, წარმოქმნის ძლიერ სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადებს, აჭუჭყიანებს ჰაერისა და წყლის აუზებს.
5.საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის საშუალებები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ისინი ჰარმონიულად ერწყმოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს. ქალაქგეგმარებითი პოლიტიკა და მართვის პრინციპები დამცავ ზონებში მიმართული უნდა იქნეს სატრანსპორტო ნაკადების მიზანდასახული და გეგმაზომიერი შემცირებისაკენ, საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ.
6.დამცავ ზონაში არსებული შენობებისა და სხვა არქიტექტურული ობიექტების დაშლა (დემონტაჟი) დასაშვებია მხოლოდ: ა) შესაბამისი რეჟიმით დაშვებული მშენებლობისას; ბ) ისეთი გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დასტურდება ობიექტის ჩამოშლის საფრთხე; გ) თუ დასაშლელ ობიექტს მინიჭებული აქვს შეუსაბამო ობიექტის სტატუსი ან დაშლა (დემონტაჟი) განპირობებულია დამცავი ზონის მიზნებით ; დ) იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი ტერიტორიის ურბანული ქსოვილის განვითარების ინტერესები.
7.ცალკეული დამცავი ზონის დადგენის სპეციფიკური მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დამცავი ზონის რეჟიმით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.




