1.ამ კანონით განსაზღვრულმა ნებართვის მფლობელმა სამუშაოთა მიმდინარეობისას პერიოდულად უნდა წარადგინოს სამუშაოთა შუალედური ანგარიში, ხოლო სამუშაოთა დასრულების შემდეგ – სამუშაოთა საბოლოო ანგარიში და მათი ადგილზე შემოწმების მიზნით უნდა დაუშვას ნებართვის გამცემი ორგანოს წარმომადგენლები.
2.ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების წარდგენის პერიოდულობას ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს სამინისტრო და იგი აისახება სანებართვო მოწმობაში.
3.სამუშაოთა ანგარიში უნდა მოიცავდეს საკითხებს სამუშაოთა მიმდინარეობის, მათი შესრულების ხარისხის, შექმნილი ან გამოვლენილი, საპროექტო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი ვითარებებისა და გარემო ფაქტორების, სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ობიექტების შესახებ.
4.თუ უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა მასზე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების შეცვლას ან დამონტაჟებას, სამუშაოთა საბოლოო ანგარიშს უნდა დაერთოს: ა) საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ; ბ) გარე კომუნიკაციებზე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მიერთების დადასტურება, გაცემული შესაბამისი კომპანიის მიერ.
5.სამუშაოთა შესაბამისი ეტაპის დასრულებისას, შუალედური და საბოლოო ანგარიშების საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლები ადგენენ სამუშაოთა შესაბამისი ეტაპის მიღების ოქმს, რომლის ერთი ასლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბარდება ნებართვის მფლობელს. ოქმში აღინიშნება ჩატარებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა.
6.ნებართვის მფლობელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაკონტროლებელ ან ზედამხედველ ორგანოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში წარუდგინოს სანებართვო მოწმობა ან/და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია და მისცეს შესაბამისი ობიექტის დათვალიერების შესაძლებლობა.
7.ამ კანონით ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობები შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ნებართვის მფლობელის მიერ შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოებისა და პირობების სრულად შესრულებისა და ამ მუხლით განსაზღვრული ანგარიშების სრულად წარდგენის შემდეგ, რის შედეგადაც გამოიცემა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამუშაოების მიღების თაობაზე.
8.სამუშაოების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია: ა) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა; ბ) ნებართვის გამცემი ორგანოს წარმომადგენლებისათვის ობიექტის დათვალიერებაში ხელის შეშლა; გ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, ჩატარებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა.
9.ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
10.„არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესის შესახებ“ და „ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებებით განსაზღვრული, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებელია შესაბამისი ბრალეული პირი.

