Article 36. გზაჯვარედინი და გზის დათმობის მოვალეობა
1. გზაჯვარედინთან მიახლოებისას მძღოლმა, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამასთანავე, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება ისეთი სიჩქარით უნდა მართოს, რომ შეეძლოს, გაჩერდეს და გაატაროს ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც უპირატესი მოძრაობის უფლება აქვს.
2. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ყვითელი მოციმციმე სიგნალი ანთია, ან შუქნიშანი არ არის ან არ მუშაობს, ან მარეგულირებელი არ დგას, გზაჯვარედინი არარეგულირებულად ითვლება და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.
3. რეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც; ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას; გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას; დ) თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით; ე) შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით; ვ) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით; ზ) თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ, მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის მაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის გზის დათმობით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
