Article 29. შუქნიშანი
1. შუქნიშანი გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის, აგრეთვე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისათვის. შუქნიშანზე გამოიყენება წითელი, ყვითელი (ან მოყვითალო), მწვანე ან თეთრი მაშუქი სიგნალები. დანიშნულების მიხედვით შუქნიშნებს შეიძლება ჰქონდეს ერთი, ორი, სამი ან ოთხი ფერადი მაშუქი სიგნალი; ამასთანავე, ფერადი მაშუქი სიგნალების განლაგება შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ან „T“-სებური ფორმის. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებზე დამატებით შეიძლება გამოსახული იყოს ისარი/ისრები, ქვეითის სილუეტი ან ველოსიპედის (ველოსიპედისტის) კონტური. წითელი, ყვითელი და მწვანე მაშუქი სიგნალების მოქმედების დარჩენილი დროის (წამების) შესახებ საგზაო მოძრაობის მონაწილეების დამატებითი ინფორმირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრობრივი ელექტრონული დაფა. გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ უსინათლო ქვეითის ინფორმირებისათვის ქვეითთა შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს ხმოვანი სიგნალი. შუქნიშანზე ხმოვანი სიგნალის არსებობის შემთხვევაში წყვეტილი ხმოვანი სიგნალი ქვეითს ამცნობს შუქნიშნის წითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობას კრძალავს, ხოლო უწყვეტი ხმოვანი სიგნალი მას ამცნობს შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობის ნებას რთავს.
2. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას; ბ) ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ; გ) ყვითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და იტყობინება მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი შეცვლის შესახებ; დ) ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას; ვ) მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი.
3. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად განლაგებული სამი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ვერტიკალურად განლაგებული ფერადი მაშუქი სიგნალების მქონე შუქნიშანზე ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, შუაში − ყვითელი, ქვევით − მწვანე; ამასთანავე, შუქნიშანს მწვანე მაშუქი სიგნალის დონეზე მარჯვნიდან ან/და მარცხნიდან შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დამატებითი სექცია ისრის/ისრების გამოსახულების მქონე მწვანე მაშუქი სიგნალის სახით. ჰორიზონტალურად განლაგებული ფერადი მაშუქი სიგნალების მქონე შუქნიშანზე ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: მარჯვნივ − წითელი, შუაში − ყვითელი, მარცხნივ − მწვანე; ამასთანავე, შუქნიშანს მარჯვნიდან ან/და მარცხნიდან შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დამატებითი სექცია ისრის/ისრების გამოსახულების მქონე მწვანე მაშუქი სიგნალის სახით. თუ შუქნიშნები გზის სავალი ნაწილის თანმხვედრი მიმართულების მხარეს არსებული თითოეული მოძრაობის ზოლის ზევითაა განლაგებული, თითოეული შუქნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც არის იგი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საგზაო მოძრაობის შესახებ
