საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური – სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური; დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია; ე) ეპიდემია – განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით; ვ) ეპიდემიური აფეთქება – მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში; ზ) პანდემია – გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს; თ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით; ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;‘ ი 1 ) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას; კ) ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა; ლ) იზოლაცია – ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას; მ) საკარანტინო ღონისძიებები – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ნ) პროფილაქტიკური მკურნალობა – სამედიცინო ინტერვენციების განხორციელება (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში; ო) პროფილაქტიკური აცრა – ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა (ვაქცინაცია) გადამდები დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით; პ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრა, და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები; ჟ) ნოზოკომიური ინფექცია – სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი ინფექცია; რ) ზოონოზური დაავადება – ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება; ს) პათოგენური ბიოლოგიური აგენტი – მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა; ტ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორმოცდამეთვრამეტე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც დაავადებათა გავრცელებისაგან დაცვის გლობალური ინსტრუმენტია; უ) ბიოლოგიური უსაფრთხოება – პათოგენური ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა; ფ) ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა – ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი; ქ) სანიტარიული ნორმები – სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტები; ღ) ჰიგიენური ნორმები – სამინისტროს მიერ განსაკუთრებული კონტინგენტისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმები; ყ) ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები – მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის; შ) განსაკუთრებული კონტინგენტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი (არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, სტაციონარის ავადმყოფი) და რომელსაც სახელმწიფომ იძულებით შეუზღუდა თავისუფალი მოქმედება. ჩ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კვლევის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მართვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული რეკომენდაცია, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 03.12.2018წ.
