უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 4. საქართველოში შემოსვლა
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას.
2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას, თუ არ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, თან უნდა იქონიონ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტები: ა) გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, წოდება, ნომერი (თუ აქვს), შეიარაღებული ძალების სახეობა და დატანილია ფოტოსურათი; ბ) ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება.
3. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ, საქართველოში სამუშაოდ პირველად შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აკრედიტაციის პერიოდში ისინი საქართველოში იმყოფებიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.
