1.საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.
2.D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.
3.საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
4.საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 4 1 . D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 4 2 . უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
5.საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ კანონის II და III თავების დებულებები. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.


