უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 72. გარდამავალი დებულებანი
1. იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა.
2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი წარმოების განხორციელების გარეშე და რომელთა ბინადრობის მოწმობებს ვადა გაუვიდათ, ვალდებული არიან, 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ სააგენტოს ახალი ბინადრობის მოწმობების ასაღებად. მითითებულ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ პირებს შეუწყდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.
3. საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი, რომელზედაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 ივლისამდე თავისუფლდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის დაცვისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.
