უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 48. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება
1. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება: ა) თუ მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით; ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები; გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად; დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება: დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება; დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება; ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.
