1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნები; [ დ 1 ) დაარღვია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] ე) დაარღვია სესხის გაცემასთან ან/და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ვ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, ფულადი სახსრების მოზიდვა; მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა; ვ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები; ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმოს რეგისტრაცია.
3.ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
