Article 14. არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები სხვა პირისაგან განცალკევება
1. არასრულწლოვანზე ძალადობის დროს არასრულწლოვანი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში – სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განცალკევდება მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისაგან.
2. არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას და მსხვერპლისა და იმ პირების გამოკითხვას, რომლებსაც მისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი აფასებს შემთხვევას და არასრულწლოვნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესით. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უზრუნველყოფს.
