Article 17^1. მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება (მათ შორის, თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურებების/პროგრამების შესახებ.
2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში.
