სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
Article 7. მონიტორინგი
1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულება, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება აკრძალულია, ვალდებულია პირისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მისი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები.
