Article 9. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
1. ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებელმა, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელმა უნდა იზრუნონ პროდუქტისთვის იმგვარი ფორმის მიცემაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება: ა) გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება, აგრეთვე ნარჩენების წარმოქმნის შემცირება პროდუქტის წარმოების პროცესში და შემდგომი გამოყენების შედეგად; ბ) პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების აღდგენა და განთავსება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ისეთი პროდუქტის შექმნით, წარმოებითა და ბაზარზე განთავსებით, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის, ტექნიკურად გამძლეა და რომლისგან წარმოქმნილი ნარჩენები ხელსაყრელია აღდგენისათვის და უსაფრთხოა გარემოში განსათავსებლად.
3. ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებული არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად – მგვ-ის ორგანიზაციის საშუალებით. 4 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო. 4 2 . მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია: ა) საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი და მიიღოს ავტორიზაცია; ბ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა; გ) ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 აპრილისა, სამინისტროს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში; დ) უზრუნველყოს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, აღდგენისა და რეციკლირების დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.
