ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Article 26^1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის აღმასრულებელი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
3. აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურას ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები.
