Article 9. გეგმური და არაგეგმური შემოწმება
1. დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი გეგმიური შემოწმების გეგმას ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. რეგულირების ობიექტის შემოწმების სიხშირე და შემოწმების პრიორიტეტები განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს რეგულირების ობიექტების წინასწარი გაფრთხილებით ან გაუფრთხილებლად.
4. რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხორციელდება: ა) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), (მათ შორის, „ცხელ ხაზზე“ შემოსული ინფორმაციის) შეტყობინებების საფუძველზე; ბ) რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაციების, მათ შორის, ემისიების გარემოში ავარიული გაშვების, ასევე დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე; გ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის სხვა ობიექტებზე მცურავი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით; დ) რეგულირების ობიექტების ანგარიშგების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით; ე) სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მიზნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ქმედების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით; ვ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების სალიცენზიო პირობების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისა.
