1.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, აგრეთვე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.
2.დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის: ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას; ბ) დათვალიერებას.
3.რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.
4.სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან.





