1.შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად უნდა მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია; გ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია; დ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ე) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილი (ორგანიზაციისა და სტრუქტურული ერთეულის სრული სახელწოდებების ჩათვლით, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი იურიდიული პირია); ვ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილის სრული მისამართი; ზ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა; თ) ადგილობრივი დამსაქმებლის ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი იმიგრანტის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.




