Article 73^4. ქცევის ზოგადი წესები ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში
1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს რაიმე სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ნებისმიერი ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევის დაუშვებლობისათვის; გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე (არჩევამდე) ან დანიშვნის (არჩევის) შემდეგ, როგორც კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდება.
3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დანიშვნიდან (არჩევიდან) ერთი თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე დაწესებულებაში, სადაც დასაქმებულია საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის წერილობითი განცხადება აღნიშნულის შესახებ მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო და მათი კავშირის აღმნიშვნელი ინფორმაციის მითითებით წარედგინება და აღირიცხება დაწესებულების კადრების სამსახურში.
