1.მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
2.მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების (კომპეტენციის) ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მისგან მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაცია; ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3.მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას მსჯავრდებულისა და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება და მითითება; ვ) დაიცვას ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემულ ქონებას; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ი) შესაბამისი რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს სააგენტოში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სააგენტოს მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და ის კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს; სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ეს სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
4.მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პასუხს აგებს პირადად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მის, სამინისტროს, სააგენტოს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
6.მოსამსახურეს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ); დ) მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (მათ შორის, გარიგების დადება და სხვა ურთიერთობა), რომელიც მის სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს არ განეკუთვნება; ე) გაფიცვა და მასში მონაწილეობა; ვ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; ზ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.
7.მოსამსახურე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს.
8.მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.




