Article 21. მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას შესაბამისი მატერიალური ფასეულობები; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებით (ხარჯვით) ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სამსახურის მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს ისინი კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საიარაღო სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
