For information only — not legal advice.
1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. იგი შეიძლება გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1 1 . „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი სასამართლოს შესაბამის განჩინებას გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმებით უქმდება რეორგანიზაციის საფუძველზე წარმოშობილი მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია, გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით აღდგება რეორგანიზაციამდე არსებული მდგომარეობა, ხოლო გაუქმებული მეწარმე სუბიექტის უფლებამონაცვლე იქნება რეორგანიზაციამდე არსებული მეწარმე სუბიექტი.
3. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.
4. თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარვეზის არსის, ასევე მისი აღმოუფხვრელობის შედეგების თაობაზე.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე. 6 1 . მარეგისტრირებელი ორგანო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, რომელთა ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ლიკვიდაციის პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
7. თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის საფუძველი საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის/წილის მესაკუთრის დაუდგენლობაა, დანარჩენი პარტნიორი/პარტნიორები უფლებამოსილი არის (არიან) მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს აღნიშნული წილის მესაკუთრის დადგენის მიზნით. თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ წილის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია, აღნიშნული არის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და არაიდენტიფიცირებული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორთა შორის მათი წილების პროპორციულად გადანაწილების საფუძველი. დანარჩენი პარტნიორის/პარტნიორების მიერ ამ უფლების იძულებითი ლიკვიდაციის პროცესისათვის დადგენილ ვადაში გამოუყენებლობა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, ხოლო საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილ ქონებაზე არაიდენტიფიცირებული პარტნიორის უფლებები გადაეცემა სახელმწიფოს.
8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა და ამ მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენა აჩერებს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის ვადის დინებას შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6388 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
Closest in meaning — including in other laws
მეწარმეთა შესახებ