For information only — not legal advice.
1. მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).
2. პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი.
3. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა. 3 1 . მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი სისტემის მონაწილე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დარეგისტრირების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.
5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით რეალიზაცია და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ან/და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – საწარმოს ანგარიშზე. სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო უფლებამოსილია საწარმოს ანგარიშზე განთავსებული თანხები საწარმოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად გამოიყენოს. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს საწარმოს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული არიან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საწარმოს ქონების ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით, ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე ამ თანხების ან ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.
6. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მისი რეალიზაციისა ან/და საწარმოს ქონებით კრედიტორების დაკმაყოფილებისა), დატვირთვა ან კრედიტორების საზიანოდ სხვა ქმედების განხორციელება. 6 1 . ლიკვიდატორზე ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.
7. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
8. კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
9. თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.
10. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის ლიკვიდაციასა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციაზე, რომლებიც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციის წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიასა და იმავე კანონით განსაზღვრულ ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2097 – სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.60 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4523 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.88 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3753 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.393 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6308 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5664 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5993 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6998 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
Closest in meaning — including in other laws
მეწარმეთა შესახებ