Article 35. ნაგავსაყრელის ოპერატორის ვალდებულებები ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით
ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია: ა) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ საფრთხეების და ზიანის პრევენციისა და მინიმუმამდე შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იყოს: სუნისა და მტვრის გავრცელებით, ქარის შედეგად მიმოფანტული ნარჩენებით, ხმაურითა და სატრანსპორტო საშუალებებით, ფრინველებით, მავნებლებითა და მწერებით, ხანძრებითა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ასპექტებით; ბ) უზრუნველყოს ნაგავსაყრელის ტერიტორიის საიმედო დაცვა და უსაფრთხოება თავისუფლად შესვლისა და ნარჩენების უკანონო განთავსების აღკვეთის მიზნით; გ) უზრუნველყოს საჭირო ტექნიკისა და პერსონალის არსებობა ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად ნაგავსაყრელიდან ან ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით დანაგვიანების შემთხვევაში; დ) ნარჩენების განთავსების ადგილების მითითებისა და ნაგავსაყრელის ნარჩენების მიღების ადგილზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლის მიზნით გამოყოს ნაგავსაყრელის შესაბამისი მომსახურე პერსონალი; ე) განახორციელოს ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მაქსიმალური სიმკვრივის მისაღწევად ნარჩენების დატკეპნა ბულდოზერის, სატკეპნის ან კომპაქტორის მეშვეობით; ვ) ნაგავსაყრელი გადაფაროს ყოველდღიურად ნიადაგის საფარით +5˚C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, ხოლო +5˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში– სულ მცირე 3 დღეში ერთხელ; ზ) განახორციელოს ნაგავსაყრელზე მიღებული და დამუშავებული ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგება ,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად; თ) უზრუნველყოს ნაგავსაყრელის ყველა სისტემისა და მოწყობილობის გამართული ფუნქციონირება; ი) უზრუნველყოს ნაგავსაყრელის მისასვლელი შიდა გზების ტექნიკური მომსახურება ნარჩენების ტრანსპორტირების ოპტიმიზაციის მიზნით; კ) სტატისტიკის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ნაგავსაყრელზე მიღებული და განთავსებული ნარჩენების რაოდენობისა და მახასიათებლების შესახებ. თავი I V კონტროლისა და მონიტორინგის პროცედურები ნაგავსაყრელის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის ფაზაში
