1.უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით: ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების ორგანიზების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს ახორციელებს უშუალოდ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ტექნიკური და სამართლებრივი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.
3.კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.
4.ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კომუნიკაციის ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით გადაჭერის ორგანიზებისა და განხორციელების და ტექნიკური მოპოვების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2637 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №480 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
